თეგი: ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა

საქართველოს ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტის წევრმა "ლელოდან" ბადრი ჯაფარიძემ კოლეგა დეპუტატებს, მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვამდე რამდენიმე წუთით ადრე, პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა. ჯაფარიძემ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება გაიხსენა, რის გამოც მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს და იმ დღესთან პარალელი გაავლო.   "მინდა გითხრათ, რომ ამ დარბაზში მე ყველაზე ამაღელვებელი წუთი მაქვს განცდილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას მოვაწერე ხელი, ასევე ნანახი მაქვს ეს დარბაზი აოხრებული, როდესაც სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, მაშინ შემიწყვიტეს უფლებამოსილება - სახელმწიფო გადატრიალების შედეგად შეწყდა ჩემი უფლებამოსილება. ახლა ეს განმეორება თუ მოხდა, ცხადია, რომ ეს იქნება სწორედ იმავეს განხორციელება, ოღონდ ამისთვის არ იქნება გამოყენებული სახელმწიფო გადატრიალება, ამ შემთხვევაში იქნება პულტები", - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, დღეს, 15 თებერვალს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამი ოპოზიციონერი დეპუტატის, შალვა ნათელაშვილის, ელენე ხოშტარიასა და ბადრი ჯაფარიძის მანდატების შეჩერების საკითხი განიხილება.

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებზე რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება. ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციას მადლობა გადაუხადა, რომ მიუხედავად განსხვავებებისა ბადრი ჯაფარიძეს მხარი დაუჭირეს. „ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებით, ბადრი ჯაფარიძე რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატად იქნება წარდგენილი შუალედურ არჩევნებში. იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ, ძალა ხალხის ხელშია. იმისთვის, რომ დავამტკიცოთ მანდატზე კი არ არის საუბარი, ცვლილება შეგვიძლია! მე მინდა, მივმართო რუსთაველებს, ეს არის პრინციპული ბრძოლა! მინდა მივმართო ყველა ჩვენ ოპოზიციურ პარტნიორს და მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. მათ, ვინც მიუხედავად ჩვენი განსხვავებებისა მხარი დაუჭირა ბადრი ჯაფარიძეს, სამართლიანობის მხარეს დადგა. ეს იქნება პრინციპული ბრძოლა, რომ ამ ქვეყანაში რაღაც შეიცვალოს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოვიგებთ!“, - აღნიშნა ხაზარაძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს ბადრი ჯაფარიძეს, შალვა ნათელაშვილსა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ხანგრძლივი დებატების შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა. გადაწყვეტილების მიღების დროს სასესიო დარბაზში იმყოფებოდა ბადრი ჯაფარიძე. რაც შეეხება “ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძისთვის მანდატის შეწყვეტის საკითხს, ამის ფორმალურ-სამართლებრივ საფუძველი მის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი გახდა.

რუსთავში „ნაციონალური მოძრაობა“ კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს

რუსთავში შუალედურ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტის მაჟორიტარობის კანდიდატს არ დააყენებს და მხარს ბადრი ჯაფარიძეს დაუჭერს. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ მედიას განუცხადა, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება „მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაქსიმალური გაკეთდება. „ჩვენ გუშინ ვისაუბრეთ ბატონ ბადრისთან და შევთანხმდით, რომ დღეს გვექნებოდა კონსულტაციები. რაც შეეხება მის კანდიდატურას რუსთავში, ბადრი ჯაფარიძეს სრულიად უსამართლოდ ჩამოართვეს მანდატი, ეს იყო მანდატის პოლიტიკური ქურდობა, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ იყოს ძლიერად წარმოდგენილი. არ გვქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ საგამოძიებო კომისიები შევქმნათ. ამიტომ, ბრძოლის ეს ფაზა, რომელიც არის საკმაოდ რთული, მათ შორის შუალედური არჩევნები მისი ხასიათიდან გამომდინარე არის ძალიან პრინციპული. რაც შეეხება მის მხარდაჭერას რუსთავში, რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი, „ნაციონალური მოძრაობა“ არ დააყენებს კანდიდატს და მხარს დაუჭერს ბადრი ჯაფარიძეს რუსთავში. ჩვენ ვიზიარებთ იმას, რომ ეს უნდა იყოს საერთო პლატფორმა, ეს უნდა იყოს ერთიანი ძალისხმევა. ასევე ვიაზრებთ იმასაც, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, რადგან ხელისუფლება მთელი რესურსით მობილიზაციას შეეცდება, მაგრამ ნამდვილად დასაფასებელია ბატონი ბადრის ეს გადაწყვეტილება. ერთობლივი ძალისხმევით გავაკეთებთ მაქსიმალურს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ. ბადრი ჯაფარიძე შუალედურ არჩევნებში რუსთავის მაჟორიტარი კანდიდატი იქნება.

ბადრი ჯაფარიძე ყვარელში მომხდარ ინციდენტზე: ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება" აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს

"ყვარლის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრისთვის ხელის შეშლას მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ცდილობდნენ", - ამის შესახებ პარტია „ლელოს"ერთ-ერთი ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განცხადა. მისივე თქმით, ეროვნული თანხმობის იდეის სანაცვლოდ „ქართული ოცნება" დაპირისპირებას, აგრესიას, თავდასხმას გვთავაზობს. „ყვარლის მოსახლეობასთან შეხვედრა გვქონდა იმისათვის, რომ ეროვნული თანხმობის იდეა, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულების გზები გაგვეცნო და ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული აგრესიულად განწყობილი ჯგუფი დაგვხვდა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ამ შეხვედრისთვის მიზანმიმართულად, შეურაცხმყოფელი შეძახილებით ხელი შეეშალა. ყველანი არიან იდენტიფიცირებულები. ესენი არიან საჯარო სამსახურის თანამშრომლები და „ქართული ოცნების“ შტაბის აქტიური წევრები. სამწუხაროდ, ასევე ამ ჯგუფში იმყოფებოდა ყვარლის პოლიციის უფროსი და მისი მოადგილე და ის, რაც ამ ადამიანებმა ჩაიდინეს, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმიტომ, რომ ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობას ხელი შეუშალეს,“ - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, 29 ივნისს, სხვადასხვა ქალაქში პროევროპული კამპანიისთვის მოსახლეობასთან შესახვედრად ჩასულ ოპოზიციონერებს აგრესიული ჯგუფები დახვდნენ.